საქართველო – პირველი კატეგორია
საქართველო ძირითადად თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ტრეფიკინგის მსხვერპლად ქცეული ქალებისა და გოგონების წარმოშობისა და სატრანზიტო ქვეყანაა. ეს ადამიანები დანიშნულების ქვეყნებში კომერციული სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი ხდებიან.
ქალები და გოგონები უკრაინიდან, მოლდოვიდან, რუსეთიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა სახელმწიფოებიდან საქართველოს გავლით გაყავთ თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებსა და დასავლეთ ევროპაში. მამაკაცთა ტრეფიკინგი იძულებითი მუშაობის მიზნით ხდება ქვეყნის შიგნით, თურქეთში, საბერძნეთში და სპარსეთის ყურის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები კვლავაც რჩება ტრეფიკინგის მსხვერპლთა წარმოშობის, დანიშნულების და სატრანზიტო ტერიტორიებად.
საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. გასული წლის განმავლობაში მთავრობამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ტრეფიკერთა სისხლისსამართლებრივი დევნისა და მათზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი იყო წინსვლა ამ დანაშაულის მსხვერპლთა დაცვასა და მათთვის დახმარების გაწევაში, ისე როგორც ტრეფიკინგის დანაშაულის პრევენციის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებში.
რეკომენდაცია საქართველოსათვის: მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მსხვერპლთა აქტიური და ეფექტური იდენტიფიცირება და ეროვნული რეფერალური მექანიზმის თანმიმდევრული იმპლემენტაცია.
სისხლისსამართლებრივი დევნა
საქართველოს კანონმდებლობა, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონით, რომელიც 2006 წლის 28 აპრილს იქნა მიღებული, კრძალავს ტრეფიკინგის ყველა ფორმას. საქართველოს კანონმდებლობით ტრეფიკინგის ჩადენისთვის დადგენილი სასჯელი 7-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს სანქცია საკმარისად მკაცრია და შეესაბამება სხვა მძიმე დანაშაულებისთვის, მაგალითად გაუპატიურებისათვის დაწესებულ სანქციებს. 2007 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა ცვლილება შეიტანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის შედეგადაც მოხდა ტრეფიკინგის მსხვერპლის ექსპლუატაციის კრიმინალიზაცია. მთავრობამ 2007 წელს 37 სისხლის სამართლის საქმე გამოიძია და განაჩენი დადგა 16 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის ოთხი საქმე ეხებოდა ტრეფიკინგს იძულებითი მუშაობის მიზნით, დაკავებული იყო 18 ადამიანით მოვაჭრე; თვრამეტივეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. 2007 წელს გასამართლებულ 18 ტრეფიკერს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. ტრეფიკერებზე დაკისრებული სანქცია მერყეობს 13-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. საქართველოს პოლიციის ყველა ახალი წევრი ვალდებულია გაიაროს სწავლება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საფუძვლებში. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე სპეციალიზირებული სწავლება სავალდებულოა სასაზღვრო პოლიციის და სპეცოპერაციების დეპარტამენტის წევრთათვის. არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების მიერ არ გამოვლენილა არცერთი ფაქტი, რომელიც საქართველოს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს ტრეფიკინგის დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობას დაადასტურებდა.
დაცვა
საანგარიშო პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სფეროში, თუმცა აღინიშნებოდა გაუმჯობესების საჭიროება მსხვერპლთა იდენტიფიკაციის და დახმარების პროცედურების განხორციელების პროცესებში. 2007 წელს მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო 180,000 აშშ დოლარი ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების პროგრამაზე და აიღო ამ თანხის 50%-ით გაზრდის ვალდებულება მომდევნო წლისათვის. აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში მთავრობა აფინანსებს ტრეფიკინგის მსხვერპლთა ორი თავშესაფრის საექსპლუატაციო ხარჯებს და მსხვერპლებს უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო და იურიდიული დახმარებით. ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების პროგრამის ფარგლებში მსხვერპლთათვის გათვალისწინებულია კომპენსაცია 650 აშშ დოლარის ოდენობით, მიუხედავად მათი სურვილისა ან ითანამშრომლონ ან არა სამართლადამცავ ორგანოებთან. უცხოეთის მოქალაქე ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის საქართველოს კანონითYგათვალისწინებულია სრული მხარდაჭერა და შეღავათები, მათ შორის სამართლებრივი ალტერნატივა იმ ქვეყანაში გადაყვანის სანაცვლოდ, სადაც მათ ემუქრებათ მძიმე ცხოვრება ან ანგარისშწორების საფრთხე.
ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლები და მოწმეები ასევე ექვემდებარებიან დაცვას მოწმეთა დაცვის პროცედურების ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად.
საანგარიშო პერიოდში მთავრობამ გამოავლინა ტრეფიკინგის 48 მსხვერპლი და 12 მათგანი ჩართო ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სახელმწიფო პროგრამაში. ტრეფიკინგის ყველა მსხვერპლს უფლება აქვს მიიღოს დახმარება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თუმცა ყველა მათგანს არ დაუყენებია სახელმწიფოს წინაშე ამგვარი მოთხოვნა. ამჟამად მთავრობა არ აფინანსებს ტრეფიკინგის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა უმეტესობასთან ინარჩუნებს დადებით და ქმედით ურთიერთობას. სახელმწიფო სამსახურებისათვის შემუშავებულია მსხვერპლთა იდენტფიცირების და მომსახურების მომწოდებლებთან მათი დაკავშირების ფორმალური მექანიზმი, საქართველოს კანონი კრძალავს ტრეფიკინგის მსხვერპლზე საჯარიმო/სადამსჯელო სანქციის დაკისრებას ტრეფიკინგის მსხვერპლად ყოფნის დროს მათ მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების გამო; თუმცაღა, დაფიქსირებულია მთავრობის მიერ, მათი სტატუსის უცოდნელად, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაპატიმრების ფაქტები საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ დარღვევებზე. მას შემდეგ რაც დადგენილი იქნა მათი, როგორც ტრეფიკინგის მსხვერპლთა სტატუსი, ორი ადამიანი განთავისუფლებული იქნა პატიმრობიდან და მოხდა მათი სამშობლოში დაბრუნება. საანგარიშო პერიოდში საქართველოს საკონსულოებმა საზღვარგარეთ აქტიური მონაწილეობა მიიღეს 5 ადამიანის საქართველოში რეპატრიაციის პროცესში.
პრევენცია
საანგარიშო პერიდოში საქართველოში ჩატარდა ცნობიერების ასამაღლებელი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია და სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის შეხვედრები უნივერსიტეტების სტუდენტებთან, ჟურნალისტებთან და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც სათავეში უდგას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, კოორდინირებას უწევს სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობოების და საელჩოების წარმომადგენლების მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებულ ზომებს. საჯარო შეხვედრების, სატელევიზიო და რადიო გამოსვლების დროს საკოორდინაციო საბჭოს მიერ განხორციელდა კომერციულ პორნო-ეროტიულ მასალაზე მოთხოვნის შემცირების მცდელობა და საზოგადოებისთვის მიწოდებული იქნა ინფორმაცია ახალი კანონ-პროექტის შესახებ, რომელიც ახდენს ტრეფიკინგის მსხვერპლთა ექსპლუატატორების, ე.წ. “კლიენტების” კრიმინალიზაციას. საანგარიშო პერიოდში სამი სატელევიზიო არხის ეთერში გავიდა მთავრობის ორი საჯარო განცხადება პოტენციური მსხვერპლების და “კლიენტების” საყურადღებოდ. საქართველოს საჯარო რეესტრი კვლავაც არიგებს ანტი-ტრეფიკინგულ ბროშურებს ახალ პასპორტებთან ერთად. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აწარმოებს მონაცემთა ბაზას, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა სამთავრობო უწყებისათვის და რომელშიც ინახება ადამიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. გენერალური პროკურატუტრა კვარტალური ბიულეტენის და ინტერნეტ-ფოსტის მეშვეობით საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა სახელმწიფო უწყებებს აწვდის ინფრომაციას ტრეფიკინგის საქმეების შესახებ. 2007 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ და გენერალურმა პროკურატუტრამ ქართველ ჯარისკაცებს ერაყში გამგზავრებამდე ჩაუტარეს ტრეინინგი საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის თემაზე. თავდაცვის სამინისტრო, საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევის ფარგლებში, საკუთარ ბაზაზე ატარებს ზოგად ტრეინინგს ტრეფიკინგის თემაზე.
|