|
საქართველო (1-ლი კატეგორია)
საქართველო წარმოადგენს როგორც წყაროს, ისე სატრანზიტო ქვეყანას, საიდანაც და რომლის გავლითაც უკანონოდ გადაჰყავთ ქალები და გოგონები მათი კომერციული სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით უმთავრესად თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. უკრაინიდან, მოლდოვადან, რუსეთიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიდან წამოყვანილი ქალები და გოგონები საქართველოს გავლით უკანონოდ გადაჰყავთ თურქეთში, საბერძნეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და დასავლეთ ევროპაში. მამაკაცების ტრეფიკინგი ხდება მათი იძულებით შრომით საქმიანობაში ჩართვის მიზნით; ტრეფიკინგის მსხვერპლი პირები მათი იძულებით შრომით საქმიანობაში ჩართვის მიზნით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებშიც გადაჰყავთ.
საქართველოს ხელისუფლება მთლიანად ასრულებს ადამიანებით ვაჭრობის აღმოფხვრისათვის დაწესებულ მინიმალურ სტანდარტებს. გასული წლის განმავლობაში ხელისუფლებამ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ადამიანებით უკანონოთ მოვაჭრეთა სისხლის სამართლებრივი დევნისა და დასჯის და მსხვერპლთა დაცვის, მათთვის დახმარების გაწევისა და ტრეფიკინგის პრევენციის საქმეში. ხელისუფლებამ შეიმუშავა და აამუშავა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების ეროვნული მექანიზმი, ქვეყნის ისტორიაში პირველად გამოიყო შენობა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრისათვის, დაინიშნა მუდმივი დაფინანსება მსხვერპლთა დასახმარებლად, მიღებულია ფართო საკანონმდებლო ბაზა ტრეფიკინგის სფეროში, აქტიურად ხდება ადამიანებით მოვაჭრეთა სისხლის სამართლებრივი დევნა და გამკაცრდა სასჯელი ასეთი დანაშაულისათვის, გარდა ამისა დაწყებულია მრავალი წინმსწრები პრევენციული პროგრამის განხორციელება. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ტრეფიკინგის ყველა პოტენციური და უკან დაბრუნებული მსხვერპლის წინასწარი ინდენტიფიცირება და მათი დახმარების ეროვნული მექანიზმის თანმიმდევრული განხორციელება.
სისხლის სამართლებრივი დევნა
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ საგრძნობ წინსვლას მიაღწია სამართალდამცავი ქმედებების განხორციელების მხრივ. 2006 წლის აპრილში მიღებული კანონი “ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის” შესახებ კრძალავს ადამიანების ტრეფიკინგის ყველანაირ ფორმას და დამნაშავეებისათვის 7-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს სასჯელი საკმაოდ მკაცრია და პროპორციულია სხვა მძიმე დანაშაულისათვის დაწესებული სასჯელის. 2006 წელს აღიძრა 28 სისხლის სამართლის საქმე, შედარებისათვის 2005 წელს აღძრული იქნა 27 სისხლის სამართლის საქმე. 2006 წელს სასამართლოს 16 საქმე გადაეცა, ხოლო 2005 წელს კი 9 საქმე. 2006 წელს ადამიანებით ვაჭრობაში 19 ბრალდებულის წინააღმდეგ გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 2005 წელს კი გამოტანილი იქნა 9 გამამტყუნებელი განაჩენი. 2006 წელს ადამიანებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ ნაკლებად იყო გამოყენებული პირობითი სასჯელი და გამკაცრდა სასჯელი მათ წინააღმდეგ. ადამიანებით მოვაჭრეებს შეეფარდათ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა – 4-დან 15 წლამდე, საშუალოდ კი – ამ დანაშაულისათვის შეფარდებულია 10 წელი. კოდორის ხეობაში იძულებითი შრომის გამოყენების შესახებ არსებული ბრალდებების საპასუხოდ პრობლემის მასშტაბების დასადგენად ხელისუფლებამ შექმნა სწრაფი რეაგირების ჯგუფი და აღიძრა 7 სისხლის სამართლის საქმე. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა კონკრეტული საქმეები სახელმწიფო მოხელეთა მონაწილეობით, მოხდა ტრეფიკინგთან დაკავშძირებული კორუფციული საქმეების გამოძიება – აღიძრა და სასამართლოს გადაეცა საპასპორტო მაქინაციებთან დაკავშირებული 12 სისხლის სამართლის საქმე, რის შედეგადაც 5 თანამდებობის პირს საშუალოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა დაცვა
საანგარიშო წლის განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის კუთხით. ხელისუფლება ხელს უწყობდა მსხვერპლთა დაცვას ტრეფიკინგში ბრალდებულთა საქმეების გამოძიებისა და მათი სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში; ტრეფიკინგის მსხვერპლს სთავაზობდნენ სამართლებრივ ალტერნატივებს მათი იმ ქვეყნებში გადაყვანის სანაცვლოდ, სადაც მათ შეიძლება სიძნელეები შექმნოდათ ან ისინი შესაძლოა დამდგარიყვნენ სამაგიეროს გადახდის საფრთხის წინაშე. ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლს არ შეეფარდებოდა სასჯელი იმ კანონსაწინააღმდეგო დანაშაულისათვის, რომელიც მათ ჩაიდინეს მათი ტრეფიკინგის შედეგად. 2006 წელს ხელისუფლებამ შეიმუშავა და დააარსა ტრეფიკინგის მსხვერპლის დახმარების მექანიზმი, რომელიც უხელმძღვანელებდა და ხელს შეუწყობდა თანამშრომლობას სამთავრობო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის პოტენციური მსხვერპლის იდენტიფიცირების ფაზიდან დაწყებული მათი დაბრუნებისა ან რეაბილიტაციის ფაზით დამთავრებული. ეს მექანიზმი ითვალისწინებს ტრეფიკინგის მსხვერპლი პირების დაცვასა და მათთვის დახმარების გაწევას მიუხედავად იმისა, თანამშრომლობენ თუ არა ისინი სამართალდამცავ ორგანოებთან. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებამ გამოავლინა იმ ადამიანების დიდი რაოდენობა, რომელთა ტრეფიკინგიც მოხდა: 29 პირი, შედარებისათვის: 2005 წელს გამოვლენილ იქნა 18 პირი. 2006 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ გამოყო $ 57,000 მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო პროგრამის დასაფინანსებლად: ეს თანხა გათვალისწინებულია დაზარებულებისათვის შემწეობის გამოსაყოფად, მათთვის კონსულტაციებისა და იურიდიული სამსახურის გასაწევად და მათი რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციისათვის. 2006 წლის ივლისში მთავრობამ ტრეფიკინგის მსხვერპლ პირებს თავშესაფრისათვის საჩუქრად გამოუყო ბათუმში მდებარე შენობა და დაფარა ამ თავშესაფრის ექსპლუატაციის დანახარჯების 70 პროცენტი.
პრევენცია
2006 წლის სექტემბერში საქართველოს ხელისუფლებამ დააარსა ტრეფიკინგთან ბრძოლის მუდმივი საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც შეცვალა 2005 წელს დაარსებული დროებითი საბჭო. ახალმა საბჭომ შეიმუშავა 2007-2008 წლების ეროვნული მოქმედების გეგმის პროექტი, რომელიც 2007 წლის იანვარში პრეზიდენტმა დაამტკიცა. საანგარიშო წლის განმავლობაში მთავრობამ ჩაატარა მიზნობრივი ტრენინგები სამხელმწიფო მუშაკებისათვის, ჟურნალისტებისათვისა და სკოლის მასწავლებლებისათვის; ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე ცხელ ხაზზე მომუშავე ოპერატორებმა, რომელთაც მოუწევთ ტრეფიკინგთან დაკავშირებული სატელეფონო ზარებზე პასუხი; გარდა ამისა, წამოწყებულ იქნა საზოგადოების გათვითცნობიერების დონის ამაღლების ფართომასშტაბიანი კამპანია მას მედიის მონაწილეობით და მიმდინარეობდა ინტერაქტიული შეხვედრები მიზნობრივ ჯგუფებთან. 2006 წლის დეკემბერში საქარველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა და დანერგა უნიფიცირებული მონაცემთა ბაზა, რომელიც გამიზნული იყო უწყებათაშორისი თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ადამიანებით მოვაჭრეთა შესახებ არსებული ინფორმაციის გასაერთიანებლად. 2006 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ დაბეჭდა და საქართველოს მთავარ გამტარ პუნქტებზე გაავრცელა ტრეფიკიგის საწინააღმდეგო 200 000 საინფორმაციო ბროშურა.
|